пятница, 12 ноября 2010 г.

მადუროდამი – მინიატურული ქალაქი ქალაქში



მადუროდამი მინიატურული ქალაქია ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში. ქალაქის მოდელის მასშტაბია 1:25–თან და სწორედ იმ ტიპიური შენობებისაგან შედგება, რომელთა ორიგინალებიც ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქს ამშვენებს. მაკეტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაში ჩართული იყო 35 ადამიანი. ზოგიერთ ექსპონანტზე მუშაობა დაახლოებით 4 წელიწადსაც კი გაგრძელდა. მაკეტი პლასტმასისგანაა დამზადებული, ხოლო ქალაქის გამწვანებისათვის კი ძირითადად მცირე ზომის ფართოფოთლოვანი მცენარეები და ბუჩქებია გამოყენებული, რომელთა სიმაღლეც 60 სმ–ს არ აღემატება.

ქალაქის გეგმა არქიტექტორ სიბე იან ბაუმს ეკუთვნის. მადუროდამის ცენტრში მდებარეობს ძველი ცენტრი, რომლის გარშემოც გაშენებულია ახალი რაიონი, სადაც არის საპორტო, სამრეწველო და ასევე სარეკრეაციო ზონა. ცენტრში განლაგებულია ეკლესიები, მუზეუმები, ბაზარი და ამსტერდამისათვის დამახასიათებელი არხები, ასევე სამთავრობო შენობები ბინენჰოფი, რეიკსმუზეუმი და ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც მდებარეობს მაასტრიხტში. მადუროდამის პოლდერში, ანუ ახალ რაიონში, გაშენებულია ძველებური ფერმები და წისქვილები. პორტში კი შეგიძლიათ ნახოთ დიდი ჰოლანდიური ქარხნები, საწარმოები, ამსტერდამის აეროპორტი სჰიპჰოლი და ასევე საოფისე შენობები.

მადუროდამი 1952 წელს აშენდა და დღემდე რამდენიმე ათეული მილიონი ტურისტი მიიზიდა. ის ჰააგის და ჰოლანდიის არამხოლოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობა, არამედ ომის მემორიალიცაა. მინიატურულ ქალაქს სახელი ჯორჯ მადუროს საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც კიურასაოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ნაცისტური ოკუპაციური ძალის წინააღმდეგ იბრძოდა. ის 1945 წელს დაჰაუში გარდაიცვალა. მისმა მშობლებმა საფუძველი ჩაუყარეს მადუროდამის პროექტის მშენებლობას, რომლიდან შემოსული თანხაც ქველმოქმედებას, კერძოდ კი სტუდენტთა სანატორიას მოხმარდებოდა. მადუროდამის დახმარების ფონდი ახლაც მუშაობს ახალგაზრდებთან.

1952 წლის 2 ივლისს პრინცესა ბეატრიქსი მადუროდამის მერად დაინიშნა, რის შემდეგაც მან თავის ქალაქში გასეირნება მოინდომა. ბეატრიქსს ეს თანამდებობა ქალაქის გახსნიდან 1980 წელს ტახტზე ასვლამდე ეკავა. დღესდღეობით მადუროდამის მერს მუნიციპალური საბჭო ირჩევს, რომელიც ჰააგის საშუალო სკოლები 22 მოსწავლისაგან შედგება. მერის მოვალეობა ქალაქში ახალი მაკეტისა და ექსპოზიციის გახსნაა.

სწორედ მადუროდამი იყო Storybook Land–ის (დისნეილენდი) შემქმნელთა იდეის წყარო.

ეს კი იმ ღირსშესანიშნავი ძეგლების სია, რომელიც მადუროდამში მდებარეობს:

– სტიპჰოლის აეროპორტი
– სამეფო სასახლე
– სახელმწიფო მუზეუმი
– მაგერ ბრიუგის ხიდი
– რემბრანდტპლეინის მოედანი, მიუნტორენის კოშკი
– ჰერენგრახტის არხი
– ტრიპენჰიოისი, ნიდერლანდების სამეფო აკადემიის შენობა
– პორტუგალიური სინაგოგა
– ანა ფრანკის სახლი
– ნივეკერკის ეკლესია და დამის მოედნის ნაციონალური მონუმენტი
– ვესტერკერკის ეკლესია
– სჰრეირსტორენის კოშკი
– ჰოლანდიური პარლამენტის, ბინენჰოფის შენობა
– მშვიდობის სასახლე, ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს შენობა,
– მაურიცჰეისის მუზეუმი

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქ მადუროდამის ოფიციალურ ვებ–გვერდს http://www.madurodam.nl

Комментариев нет:

Отправить комментарий