суббота, 13 ноября 2010 г.

რუალ ამუნდსენი (ბიოგრაფია)




რუალ ენგელბერტ გრავნინგ ამუნდსენი 1872 წლის 16 ივლისს ნორვეგიის ქალაქ ბორგეში დაიბადა. ის ნორვეგიელი მოგზაური და მკვლევარია, რომელმაც პირველად გამოიკვლია სამხრეთ პოლუსი (1911 წლის 14 დეკემბერს). ის ასევე პირველი ადამიანია (ოსკარ ვისტინგთან ერთად), რომელიც ნამყოფია დედამიწის ორივე პოლუსზე. ამუნდსენი 1928 წელს უმბერტო ნობილეს ექსპედიციის ძებნის დროს გარდაიცვალა. ამავე წელს მას მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ჯილდო – კონგრესის ოქროს მედალი.

ეს რაც შეეხება მისი ცხოვრების მოკლე მიმოხილვას. ახლა კი, ცოტა ჩავუღრმავდეთ. როგორც გითხარით, ამუნდსენი ნორვეგიის სამხრეთ–აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბორგეში დაიბადა (ქალაქ სარპსპორგის ახლოს) გემთსაშენის მფლობელის ოჯახში. როცა ის 14 წლის იყო, გარდაეცვალა მამა და მისი ოჯახი საცხოვრებლად კრისტიანიაში გადავიდა (1924 წლიდა – ოსლო, ნორვეგიის დედაქალაქი). რუალი აბარებს სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგრამ 21 წლის ასაკში მას გარდაეცვალა დედა, რის გამოც ამუნდესენმა სწავლა მიატოვა. ამ დროს ის წერს: "მე მივატოვე სწავლა, რათა მთელი ჩემი არსება ცხოვრების ერთადერთ ოცნებას მივუძღვნა". 1897–1899 წლებში ამუნდსენმა მონაწილეობა მიიღო თავის პირველ ექსპედიციაში. ბელგიელი მკვლევარია, ადრიენ დე ჟერლაშის ექსპედიციაში, რომელიც ანტარქტიდის გამოსაკვლევად გაემგზავრა, ამუნდსენი მონაწილეობას იღებდა, როგორც შტურმანი.

1903 წელს რუალმა შეიძინა 47 ტონიანი მცურავი მოტორული იახტა "იოა" ("Gjøa"), რომელიც აიგო ამუნდსენის 1872 წელს, ზუსტად მაშინ, როდესაც ამუნდსენი დაიბადა. ექსპედიცია არქტიკაში გაემგზავრა და მისი ხელმძღვანელი უკვე თავად რუალი იყო. გარდა ამუნდსენია, ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდნენ:

1. გოტფრიდ ჰანსენი – შტურმანი, ასტრონომი, გეოლოგი და ექსპედიციის ფოტოგრაფი. აქამდე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ისლანდიის და ფარერის კუნძულების ექსპედიციებში.
2. ანტონ ლუნდი – "შკიპერი"
3. პიტერ რისტვედტი – მემანქანე და გეოლოგი
4. ჰელტერ ჰანსენი – მეორე შტურმანი
5. გუსტავ იულ ვიკი – მეორე მემანქანე, ასისტენტი მაგნიტური დაკვირვებების საკითხებში
6. ადოლფ ჰენრიკ ლინდსტრიოტი – კოკი. სვერდრუპის ექსპედიციის მონაწილე 1898–1902 წლებში.

სწორედ ეს შემადგენლობა დაიძრა 1903 წელს არქტიკისაკენ. ამუნდსენმა გაიარა ჩრდილოეთ ატლანტიკა, ბაფინის ზღვა, ლანკასტერის, ბაროუს, პილის, ფრანკლინის და ჯეიმს როსის სრუტეები და სექტემბრის მეფე უილიამის კუნძულების სანაპიროსთან შეჩერდა. 1904 წლის ზაფხულში ყინული არ გალღვა, რის გამოც "იოას" ცოტა ხნით შეჩერება მოუწია. 1905 წლის 13 აგვისტოს გემმა მსვლელობა განაგრძო და პრაქტიკულად დაასრულა ჩრდილო–აღმოსავლეთისაკენ მიმავალი გზა.



1910 წელს რუალ ამუნდსენმა დაიწყო სამხრეთ პოლუსისაკენ მიმავალი ექსპედიციას ხომალდ "ფრამით" (ნორვეგიულად "ფრამი" წინსვლას ნიშნავს). მის ექსპედიციაში შედიოდნენ ოლაფ ბიოლანდი, ოსკარ ვისტინგი, იურგენ სტიბერუდი, კრისტიან პრესტრუდი, ფრედერიკ იალმარ იოჰანსენი, ჰელმერ ჰანსენი, სვერე ჰასელი, ადოლფ ჰენრიკ პიდსტრიომი და გემის კაპიტანი, ლეიტენანტი ტორვად ნილსენი.

1911 წლის 13 იანვარს ამუნდსენის ექსპედიციამ ანტარქტიდაზე როსის ბარიერს მიაღწია. ამავე დროს, ანტარქტიდაზე იმყოფებოდა ინგლისელი მკვლევარის, რობერტ სკოტის ექსპედიციაც, რომელიც მაკ–მერდოს სრუტეში იყო გაჩერებული და ამუნდსენს 650 კილომეტრით ჩამორჩებოდა. 1911 წლის 14 დეკემბერს ამუნდსენის ექსპედიციამ პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსამდე და დაბრუნდა უკან, ხოლო სკოტის ბრიგადამ ერთი თვით დააგვიანა და პოლუსს 1912 წლის 18 იანვარს მიაღწია, ხოლო დაბრუნებისას კი სკოტი და მისი ექპსედიცია დაიღუპა. მათი დაღუპვის მიზეზი ურთულესი ამინდი გახდა – სკოტი და მისი ბრიგადა გაიყინნენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით, 1913 წელს ამუნდსენი წერს:

"ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ ისინი ახლა ცოცხლები იყვნენ. სკოტის ექსპედიციის დაღუპვამ ჩემი ტრიუმფი დაჩრდილა და უდიდესი ზიანი მომაყენა"

1928 წლის 23 მაისს იტალიელმა გენერალმა უმბერტო ნობილემ დირიჟაბლ "იტალიით" ჩრდილოეთ პოლუსზე გამგზავრება გადაწყვიტა და მოქმედებაც დაიწყო. მისი ექსპედიციას შპიცბერგენიდან დაიძრა და პოლუსამდეც მიაღწია, მაგრამ უკან მოსაბრუნებელ გზაზე მათმა დირიჟაბლმა კატასტროფა განიცადა, ხოლო ექსპედიციის წევრები კი დაიკარგნენ. 18 ივნისს ამუნდსენი იმ მკვლევართა სიას შეუერთდა, რომლებიც პოლუსზე უმბერტო ნობილეს მოსაძებნად გაემგზავრნენ. ამუნდსენი ფრანგულ ეკიპაჟთან ერთად ჰიდროვერტმფრენ "ლათამ–47"–ში იმყოფებოდა, რომელმაც ბარენცის ზღვაში კატასტროფა განიცადა. უმბერტო ნობილეს და მისი ექსპედიციის შვიდ წევრს ამუნდსენის გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ მიაგნეს.


მოკლე ქრონოლოგია:

– 1890–1892 წლებში ამუნდსენი სწავლობს ქალაქ კრისტიანიის სამედიცინო უნივერსიტეტში
– 1894–1899 წლებში მონაწილეობს სხვადასხვა ექსპედიციებში, როგორც შტურმანი. 1903 წლიდან იწყებს საკუთარ ექსპედიციებს, რამაც ფართო მასშტაბის პოპულარობა მოუტანა.
– 1903–1906 წლებში პირველმა გაიარა ჩრდილო–აღმოსავლეთის გზა გრენლანდიიდან ალიასკამდე.
– 1911 წლის 14 დეკემბერს პირველი მივიდა სამხრეთ პოლუსამდე. ერთი თვით დაასწრო ინგლისელი რობერტ სკოტის ექსპედიციას.
– 1926 წელს ხელმძღვანელობდა პირველ ტრანსანტარქტიკულ ფრენას დირიჟაბლ "ნორვეგიით". დირიჟაბლის მარშრუტი იყო: შპიცბერგენი – ჩრდილოეთ პოლუსი – ალიასკა
– 1928 წლის 18 ივნისს უმბერტო ნობილეს ძებნის ექსპედიციაში "ლათამ–47"–ის კატასტროფისას დაიღუპა ბარენცის ზღვაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий